Feeds:
Posts
Comments

 

მე შიშველი ვარ..

უკვე წლებია ასე შიშველი დავაბიჯებ დედამიწაზე….

ასე შიშველი დავდივარ სახლში, ქალაქში, სოფელში, სასწავლებელში, სხვადასხვა თავშეყრისა თუ უბრალოდ ხალხმრავალ ადგილებზე, რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ტაძარშიც კი სრულიად შიშველი შევდივარ…

მკითხულობთ და ფიქრობთ ,,უსირცხვილოა ეს კაცი ვიღაცაა“, ,,ხალხს მაინც მოერიდოს ან ხალხს მაინცო“, ,,ტაძარშიც?! სულ დაკარგა ნამუსი?!“ , ,,რა საამაყო ეგ არის წერილობითაც რომ მოსდო ქვეყანასო“…

მე კი იმის მაგივრად რომ თქვენსავით ვიმოსებოდე პირიქით ყველას გაშიშვლებისაკენ მოგიწოდებთ! განიძარცვეთ ყოველივე და გაშიშვლდით რაც შეიძლება მალე და რაც შეილება მეტი!!!

მოწოდების მერე კი თქვენ მოგმართავთ განკითხვის მამებო:

სანამ ჩემი სიშიშვლის ქადაგება თქვენი უქმადმეტყველების კიდევ ერთი დროებითი თემა გახდება იქნებ დაფიქრდეთ,  რითა ხართ თავად შემოსილნი…

-         გაცვიათ შური ერთმანეთის წარმატებისა, შური ერთურთის სიმდიდრისა, შური ცოდნისა და სილამაზისა.

-         გაცვიათ სიძვა და  გარყვნილება მსგავსად სოდომ-გომორის მცხოვრებლებისა..

-         გაცვიათ სიცრუე და სტყუით ურცხვად  უფლისა და კაცის წინაშე..

-         გაცვიათ ფარისევლობა და მლიქვნელობა და არ ძალგიძთ ამ სამოსის გარეშე..

-         გაცვიათ მემთვრალეობა, გულქვაობა, გულგრილობა, არაკეთილსინდისიერება, პარვა და სხვა ყოველივე არასაუფლო…

-         გმოსავთ სამოსი არაეროვნული, არაქრისტიანული, არაადამიანური და შეურაცმყოფელი დღემდე სისხლითა და ოფლით  მოღწეული  ისტორიისა და ქვეყნისა..

-         გმოსავთ სამოსი მამათმავლობისა და ნარკომანიისა..

  

 

და მე შიშველი თქვენი გამოშვერილი თითების სამიზნე გაკვირდებით და ვხედავ, რომ ყველა ადამინი მსახიობია, ცოდვილნი იბადებიან და ხალხის დასანახავად ცხოვრების ბოლომდე ანგელოზებს თამაშობენ, თუმცა მათი როლი სიცოცხლის ბოლოს მთავრდება  და თეტრის გულუხვი მაყურებლებისაგან განსხვავებით, უფალი კარგად შესრულებული როლისთვის სამოთხით არავის აჯილდოვებს…

და აი ასე მხოლოდ უფლისა და კაცთა მოდგმის სიყვარულით შემოსილი მოგიწოდებთ ყველას განურჩევლად სქესისა, რასისა და აღმსარებლობისა:

განიმოსეთ ყოველი ბოროტი! განიმოსეთ ყოველივე არასაუფლო! და გავშიშვლდეთ ყველანი რათა უფლის მადლით შემოსილნი ოდესმე მივადგეთ ალაგს სადაც ყოველნი მართალნი განისვენებენ..



სამი მარტი თენდებოდა…
გამიგონია, რომ ამბობენ ყველა ადამიანს საკუთარი დედა, ყველაზე ლამაზი და კარგი ჰგონიაო. შეიძლება ასეცაა, თუმცა არა ამ პრინციპის გამო, არამედ საკუთარი ჩვევებისა და სილამაზის გამო, დედაჩემი მართლაც ყველაზე გამორჩეული, ყველაზე თბილი და ყველაზე საყვარელი ადამიანია მთელი დედამიწის ზურგზე.
რაც წამოვიზარდე მას მერე ბავშვობისაგან განსხვავებით დედაჩემი ღამ-ღამობით მოდის ჩემს საწოლთან და მძინარეს მეფერება. ეშინია არ გავიღვიძო და ცდილობს მთელი სინაზით გამოხატოს ეს უსაზღვრო დედის სიყვარული.
ჰოდა ეს რას მოვაყოლე.. სამი მარტი თენდებოდა, მე თვალი გავახილე თუ არა იმაზე ვფიქრობდი რა შეიძლება გავაკეთო ისეთი, რომ დედაჩემს ეს დღე დღესასწაულად ვუქციო მეთქი. ბევრი ვიფიქრე, მერე ავდექი და სადღაც 2-3 საათში ფეხით დავუყევი მაღაზიებს იმ იმედით, რომ სადმე რამე საინტერესოს წავაწყდებოდი.
გზაში შევამჩნიე ჩემს წინ მიმავალი ბიჭი, რომელიც ჰა..ჰა.. ექვსი ან შვიდი წლისა თუ იქნებოდა. მას ხელში იების დიდი თაიგული ეჭირა და თავჩახრილი მთელი სერიოზულობით მიაბიჯებდა. ნაბიჯს ავუჩქარე გვერდით გავუსწორდი და ფრთხილად გადავხედე, იგი შიგადაშიგ ღრმად ამოსუნთქავდა, წამით შეჩერდებოდა და მერე ისევ გზას განაგრძობდა, სახეც ძალიან სევდიანი ჰქონდა.
ჩემი გადამეტებული ცნობისმოყვარეობა ცნობილია, ჰოდა მეც ამ ბიჭს მალულად ავედევნე…
ბიჭი პავლოვიდან ვაკე-საბურთალოს გადასახვევისკენ ჩაუყვა, მერე საბურთალოს სასაფლაოებისაკენ აიღო გეზი და ერთ-ერთ საფლავს მიადგა სადაც ჯერ კიდევ ამობურცული მიწა და მხოლოდ ქვა ახალგაზრდა ქალის ფოტოთი, რომლის ქვეშაც კარგად ჩანდა თარიღი ,,1975-2009“ მიანიშნებდა, რომ ეს საფლავი ახალი იყო.
მე უცებ ყველაფერი გავაანალიზე, მერე ბიჭს გავხედე და ტანში ერთიანად გამცრა…
იგი მუხლებზე დაემხო, იები დედის გულზე დააწყო და საოცარად განწირული და სევდიანი ხმით მიმართა ,,დედის დღეს გილოცავ დე..“
მე შემეშინდა არ დავენახე იქვე ერთ საფლავს ამოვეფარე და ცრემლი მომერია.. ახლა უკვე გარკვევით მესმოდა ბავშვის ცრემლიანი ლუღლუღი..
,,დე იცი დღეს ყველა გახარებული გარბოდა სკოლიდან სახლში, დედებთან წერილები, ნახატები, ყვავილები და სხვა საჩუქრები მიჰქონდათ. ყველას სახლში ელოდებოდა თავისი დედიკო, მე კი.. მე.. მე სახლისაკენ გახედვაც არ მინდოდა დე..
გახსოვს ერთხელ ჩემი ნახატი რომ გაჩუქე წარწერით ,,სიყვარულით დედიკოს ლუკასგან“ და შენ ყოველ სამ მარტს სიამაყით ხელში აიღებდი დააკვირდებოდი და მერე ისევ სათუთად დებდი როიალის თავზე. დღეს მტვრით იყო დაფარული.. არც მე და არც მამას იქეთ გახედვა არ გვინდოდა.. მამამ დამინახა, რომ თვალზე ცრემლი მქონდა შევიდა სამზარეულოში ლამის ნახევარი ბოთლი არაყი ჩაიცალა სულმოუთქმელად და სახლიდან გავიდა..
დე ის გახსოვს მე და შენ ღამით ვარსკვლავებს, რომ ვუყურებდით და უცებ ერთი რომ ჩამოვარდა. შენ მითხარი ამ დროს ვარსკვლავის გაქრობამდე რასაც ჩაიფიქრებ აგისრულდებაო. შენი წასვლის მერე ყოველ ღამე გავყურებ ცას და თუ კიდე ჩამოვარდა აუცილებლად შენს დაბრუნებას ჩავიფიქრებ. გპირდები მე აუცილებლად დაგაბრუნებ ჩვენთან სახლში.
მამიკომ მითხრა კარგად თუ არ ისწავლი დედიკო გიყურებს ზემოდან და გული ეტკინებაო. მე სულ ათებზე ვსწავლობ დღესაც ორი ათიანი მივიღე. არ იდარდო შენ და რომ დაბრუნდები ჩემ დღიურს განახებ, გაგიხარდება.
მამიკომ ისიც მითხრა ღმერთმა წაიყვანაო და რა უნდოდა დე როდის გამოგიშვებს?! მე ეკლესიაში ვიყავი და მამაოს ვუთხარი შენზე, იცოდა ღმერთთან, რომ იყავი და ასე მითხრა არ ინერვიულო შვილო კარგადაა და მალე მოვაო. ყველა მეუბნება მალე-მალეო მაგრამ ეს მალე არ გავიდა სამი თვეა გელოდები და ძალიან მომენატრე.. შენ არ გენატრები დეე?!..“
მე თავს ვერ ვიკავებდი ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა და ყელში რაღაც ბურთივით მქონდა გაჩხერილი..
ბიჭი წამოიმართა მუხლები დაიწმინდა და ცრემლიანმა ,,დედას მიმართა“:
,,წავდი დე სახლში.. მალე მოდი გეხვეწები.. უშენოდ ძალიან მიჭირს და უზომოდ მენატრები.. თხოვე ღმერთს და ჩემს გამო მალე გამოგიშვებს.. სანამ არ მოხვალ მე ყოველდღე მოგაკითხავ.. „
იგი ჩაწითლებული თვალებით ნელ-ნელა დაუყვა დაღმართს, მე ფეხები მომეკვეთა და უცებ ფეხზე წამოდგომა ვერ შევძელი.. ცოტა მოშორებით მინის დამსხვრევის ხმა გავიგონე გავიხედე და ,,ლუკას დედის“ საფლავიდან ათ-თხუმეტ მეტრში ვიღაც კაცი შევნიშნე, რომელიც ცოტა ბარბაცით დაუყვა გზას დაბლა. მერე თვალებზე ცრემლი მოიმშრალა რამოდენიმეჯერ ღრმად ამოისუნთქა თითქოს წყნარდებაო და ბიჭს გასძახა:
,,ლუკა..! ლუკა შვილო დამელოდე..“
ბიჭმა გაოცებული თვალებით შემოხედა მერე თითქოს გამოერკვაო და მამისაკენ წამოვიდა. მამამ ხელში აიყვანა და გულში ჩაიკრა შვილი, რამოდენიმეჯერ აკოცა მერე ძირს ჩამოსვა ხელი ჩაკიდა და ერთად გაუდგნენ გზას შინისაკენ..
მეც წავლასლასდი შინისაკენ, გზად იების რამოდენიმე თაიგული ვიყიდე სახლში შევედი დედაჩემი ხელში ავიყვანე და გულში ჩავიკარი.
,,გილოცავ დედათა დღეს დე და შენ დიდხანს, ძალიან დიდხანს უნდა იყო ჩემს გვერდით. ჩემისთანა ლამაზი, საყვარელი, თბილი და მზრუნველი დედა არავის არ ჰყავს მსოფლიოში.“
დედამ ცრემლიანი თვალები დამიკოცნა.. მართალია არაფერი უკითხავს და არც მე მომიყოლია რაიმე, მაგრამ რატომღაც მისი თვალებიც ყოვლისმცოდნესავით აცრემლიანდა…



ზარმაცი კაცი ვარ მეტისმეტად. იმდენი რამე მეზარება იმდენი, რომ მაგაზე ფიქრიც კი მეზარება:

- მეზარება დილით ადრე ადგომა..ხელპირის დაბანაც ძალიან მეზარება…
- მგზავრობას ვერ ვიტან მეზარება, თუნდაც 35 წთ-ის გზას სახლიდან – სასწავლებლამდე..
- ჩაცმა მეზარება, ისე ადამის და ევას სულმოუთქმელობა რა ვთქვი მე თორემ, ხომ არ მომერიდებოდა ჩაუცმელი სიარული…
- გაგიკვირდებათ და ჭამაც მეზარება ხოლმე.. პრინციპში საწოლში მორთმეულზე უარს არ ვიტყოდი, მითუმეტეს თუ ვინმე საკუთარი ხელით მაჭმევდა.. (სასურველია ეს ,,ვინმე“ ახალგაზრდა მანდილოსანი იყოს)

უკვე 24 წლის ბიჭი ვარ და ვიცი დროა შევეშვა საპირისპირო სქესის გასართობი თვალით ყურებას. ამაზე დავფიქრდები თუ არა უკვე ორ ,,მეზარებას“ ვაწყდები:

- ძალიან მეზარება საცოლის ძებნა ამ მრავალფეროვან სამყაროში და მერე ცოლად მოყვანა მთელი თანდართული ბანალური რიტუალებითურთ.
- მერე ბავშვის გაზრდა რა რთულია?! გაკეთებაზე ნამდვილად არ ვწუწუნებ, მაგრამ გაზრდა ვაღიარებ, რომ მეზარება.

არადა იცით ბავშვები როგორ მიყვარს?! შეშლილივით! ისე ძალიან მიყვარს, რომ მათთან ყოფნისას ყველაფერი მავიწყდება. ლამისაა შემომეჭამოს მოფერებისას… ქუჩაში საკმაოდ ხშირად მითხოვია მშობლისათვის ,,შეიძლება თქვენს პატარას ორი წუთით ვეთამაშო, მათხოვებთ?!“

ეტყობა წერისას ფიქრებში წასულს ხმამაღლა მომივიდა ფიქრი და უცებ ჩემი ძმის ხმამ გამომაფხიზლა: ,,facebook-ზე ყოფნა და კომენტარების წერა არ გეზარება?! ან კიდე ამ გოგოების დაბოლება? პრინციპში შენ ადრესატებს ცვლი და ტექსტი იგივეა, ალბათ აკოპირებ და ეგ კიდე ადვილია“
ჩემი ძმა ბავშვობიდანვე ასეთი ენამახვილი ბიჭი იყო ასე, რომ პასუხის გაცემა არც მიცდია შევუღრინე და წერა განვაგრძე…

- გამახსენდა, რომ ყველაზე მეტად ლოდინი მეზარება..

ერთხელ ერთმა სულიერმა, რომელმაც თავის მოსაწესრიგებლად ,,ორი წუთით“ შეირბინა სახლში იმდენხანს მალოდინა, რომ ავდექი დავტოვე და მარტო წავედი ერთ-ერთ ,,ძალით VIP“ ხალხის თავშეყრის ადგილას. გაბრაზდა ძალიან თორემ პრინციპში დიდ არაფერი დაუკარგავს იქ არყოფნით.

- მეზარება ლექციის მოსმენა, რომელიც ორმოცდახუთი წუთი გრძელდება…

ალბათ ფიქრობთ ,, შენ უსწავლელად მოგინდომებია პროფესორობა ბიძიკო და მასე სადააო“, ნურას უკაცრავად გააჩნია ლექციასაც და ლექტორსაც. ერთხელ შესვენებაზე დაფაზე დიდი ააასოებით დავუწერე პატივცემულს:

,,თქვენ ბევრი იცით ძალიან ბევრს კითხულობთ ალბათ
მაგრამ ამ ცოდნის გადმოცემის უნარი არ გაქვთ“

- მეზარება თბილისური მისალმება, (აუცილებელი გადაკოცნით და ჰაერში გაკეთებული ,,მპუ“-თი) სანამ სამედიცინოს ეზოში შესასვლელიდან სალექციო დარბაზამდე მივაღწევ ჩემი ლოყების ცვეთის პროცენტული მაჩვენებელი 35%-დან 65%-დე მერყეობს. დაილოცოს ქუთაისური მისალმება ,,ბარო ბიჭები“ ,,ზდაროვა ბრატცი“ ,,გაუმარჯოს“ ,,გამარჯობათ მასწ“ და ა.შ ყოველგვარი კოცნა-ლოშვნისა და გადახვევის გარეშე, ხელის მაღლა აწევა ან თავის დაკვრაც საკმარისია.

- ასევე ჩემში ,,მეზარებას“ მიხედვით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა ქართული სუფრის ირგვლივ მსხდომი საზოგადოების გაზეპირებული სადღეგრძელოების მოსმენა. მითუმეტეს თუ საზოგადოება საკმარისად ,,შეზარხოშებულია“ და ტექსტში ორი-სამი სიტყვაც კი არ იცვლება.

კიდევ ძალიან ბევრი რამე მეზარება, მაგრამ დასაწყისში თქმისა არ იყოს მაგაზე ფიქრიც მეზარება და ამდენი წერაც. დასასრულს ერთ ,,მეზარებასაც“ გაგიმხელთ და წავედი რადგანაც დამშვიდობება ძალიან მეზარება..

- სიცოცხლე არ მეზარება, მაგრამ აი სიკვდილი ისე მეზარება… ისე მეზარება, რომ მეშინია ამქვეყნად არ დავრჩე სამარადჟამოდ.



(დაფუძნებულია რეალურ ამბავზე)
დილაადრიან უნივერსიტეტში გავრბოდი, მე სამედიცინო უნივერსიტეტის ერთადერთი სტუდენტი ვარ, რომელმაც პირველი კურსიდანვე მივხვდი, რომ ექიმობა არ მინდოდა და მაინც სამედიცინოს გავყევი ბოლომდე. თსსუ-მ იმაზე მეტი მომცა ვიდრე ექიმობით შეეძლო თუმცა ეს სხვა ამბავია და სხვა დროს იყოს…
ჰოდა ამ დილაადრიან ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში შევნიშნე კაცი რომელიც ხურდას ითხოვდა და უცნაური ტექსტით: ,,ფერადი სათვალე დავკარგე, დამეხმარეთ თქვენი მოწყალებით მე მას ისევ დავიბრუნებო.. სათვალის გარეშე მოვკვდები დამეხმარეთ კეთილო ადამიანებოო..“
მივედი და ჩემი ძუნწი ხასიათის მიუხედავად ხურდები გავუწოდე და თან ვკითხე სად დაკარგეთ რა სათვალეა ასეთი მეთქი. ან რად გინდათ ამ სიბნელეში ფერადი სათვალე ამ ხნის კაცს მეთქი..
მადლობაო მითხრა მერე დამაკვირდა.. მიყურა ასე მათვალიერა სამუზეუმო ექპონანტივით და დაამატა :
- დრო თუ გაქვს გეტყვი, მაგრამ 5 წუთს მაინც წაგართმევს ეს ამბავიო..
მართალია დრო არ მქონდა მაგრამ ვიცოდი მერე ცნობისმოყვარეობა დამტანჯავდა და ამიტომ ვუთხარი
- დროის მეტი რა მაქვს გისმენთქო..
ისევ ამომხედა მერე სადღაც შორს სივრცეში გაიხედა და დაიწყო…
შენ ძალიან მაგონებ ერთ ახალგაზრდა ბიჭსო…
იგი სიყვარულისათვის იბრძოდაო..
ახალგაზრდა იყო სულ რაღაც 22 წლის და ხუთწლიანმა ბრძოლამ (სასიძოს დამწუნებელ ოჯახთან) შედეგი გამოიღო ის ქეთის მეუღლე გახდა..
დათოს თავისდაუნებურად მოერგო ვარდისფერი სათვალე და ის 2-3 წელი საოცრად მოხდენილად ატარა…
მერე შვილებიც ეყოლათ, გოგო და ბიჭი. ბავშვები თვალსა და ხელს შუა იზრდებოდნენ..
თანდათან სათვალეს ფერები აკლდებოდა..
ოჯახს მატერიალურად გაუჭირდა.. დათოს სამსახურის პოვნა ძალიან უჭირდა… დრო აღარ ითმენდა, ბავშვები 3-4 კლასში იყვნენ…
დათოს სათვალემ ყველა ფერადი ფერი დაკარგა და შავთეთრად იქცა…
ქეთიმ სამუშაოდ უცხო ქვეყანას მიაშურა და ცრემლიანი იმ იმედით გამოეთხოვა ოჯახს, რომ ფულს დააგროვებდა და 2-3 წელიწადში საყვარელ ოჯახს დაუბრუნდებოდა…
დრო გადიოდა.. მიუხედავად კომუნიკაციის საშუალებების სიძვირისა ცხოვრებისაგან ,,დროებით“ განწირული დათო და ასევე ,,დროებით“ გაემიგრანტებული ქეთი ერთმანეთს ყოველ მეორე დღეს ეხმიანებოდნენ…
თანდათან კომუნიკაციის სიხშირე მცირდებოდა..
სათვალის ყოველგვარ ზომას გადაცილებული შავთეთრი მინები საბოლოდ დაიმსხვრნენ..
დრო გადიოდა…10 წელმა საოცარი სისწრაფით გაირბინა… ბავშვები გოგო-ბიჭებად იქცნენ..
ერთ დროს სიყვარულით და წვალებით შექმნილი ოჯახი საოცრად დიდ სიცივეს განიცდიდა…
დათო მეტად ერთგული მეუღლე გამოდგა, მეგობარი ბიჭების შემოტავაზებულ გართობაზე სიბრაზით უპასუხებდა ,,თქვენ რა გგონიათ ქალს ნაკლები მოთხოვნილება აქვს? მე წელებზეფეხებშედგმულ ქეთის ვიღაც არარაობაში არ გავცვლიო“…
იგი ყველას სახეს აკვირდებოდა და თავისდაუნებურად თითქოს ადამიანის აზრების კითხვაც დაიწყო. ამან კი გაგიჟების პირამდე მიიყვანა..
,,რა კაცია სულ გაუტია რა ამან… მაგას ჰგონია ქეთი იქ მონაზვნის კაბით მუშაობს?! ….“
,, ისეთ ლამაზ ქალს იქ უცხო ქვეყანაში 10 წელი ისე არავინ გააჩერებდა..“
,,ის აქეთ ჩამომსვლელი აღარ არის ძმაო უნდა შეიგნოს ამანაც თორე ცოდოა, ჯერ ახალგაზრდა კაცია“
დათოსათვის პიკი აღმოჩნდა ქალიშვილის გათხოვება, რომლის ქორწილიც მართალია ქეთის ფინანსების წყალობით ლამაზათ დამთავრდა თუმცა ქორწილს ,,დედა“ ვერ დაესწრო…
მან მეგობარს თხოვა ქეთისათვის დაერეკა და კონკრეტულად ეკითხა თუ რას აპირებდა შექმნილი მძიმე სიტუაციის გათვალისწინებით. გიორგიმ skype-თი დაუკავშირდა მეგობრის მეუღლეს და ყველა კითხვაზე ერთგვაროვანი არგუმენტირებული პასუხები მიიღო რომელსაც თავად დათო იქვე კუთხეში ქეთისგან შეუმჩნევლად ჩამჯდარი ისმენდა:
,,გიორგი მე აქ ჩემი ოჯახისა და შვილების გაჭირვებამ წამომიყვანა. შენ არ იცი რა ძნელია უცხო გარემოში და უცხო ადამიანეში ახალგაზრდა ლამაზი ქალის მათხოვრული ცხოვრება. მე წელებზე ფეხს ვიდგამდი და ათასგვარ დამცირებას ვიტანდი იმისათვის რომ ჩემი ოჯახი მერჩინა.. რომ ჩამოვიდე რა?! დათო არჩენს ოჯახს? თუ შვილები დაიზარდნენ და ჭამა აღარ უნდათ?! ძლივს ოდნავ გამართული ოჯახი ისევ მათხოვრად ვაქციო?! მითხარი ერთი..
ჰო მეცოდება დათოც და საკუთარი თავიც, ჩვენ სიყვარულისათვის 5 წელი მუხლჩაუხრელად ვიბრძოლეთ, რომ ოჯახი შეგვექმნა.. მერე თითქოსდა ვიპოვეთ ბედნიერება, მაგრამ არა.. ტყუილია მეგობარო ბედნიერება ცარიელ ქვაზე ჯდომით არ მოდის.. სამწუხაროა მაგრამ ფაქტია ბედნიერება ფინანსურ კეთილდღეობაზე საკამოდ დიდი პროცენტებითაა დამოკიდებული…
დათო ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცია მოძებნის თავის შესაქცევს.. (დათო კარგად ხვდებოდა რაზეც მიანიშნებდა ერთდროს ბრძოლით მოპოვებული მეუღლე, მაგრამ ვაი რომ ამის გაგონება ყველაზე დიდი ტკივილია იმ ადამიანისაგან ვის გამოც 10 წელი თვალიც არავისკენ გაგქცევია). მეც ვცდილობ ოჯახისა და შვილებისათვის ცოტა ფული ვიშოვო და შეძლებისდაგვარად ცხოვრებითაც გავიხარო…
დათომ ვეღარ გაუძლო ამის მოსმენას და დენის წყარო მთელი სიბრაზით გამოგლიჯა ჩამრთველიდან.. კავშირიც გაწყდა…..
ამ დღის მერე დათო საოცარი სისწრაფით ლოთად გარდაიქმნა.. მან ყოველგვარი რწმენა დაკარგა..
აღარც შვილები.. აღარც ოჯახი.. აღარც ღმერთი… და აღარც იმედი.. მისი ცხოვრების ერთადერთი აზრი მათხოვრობით ნაგროვები ფულით ნაყიდი პოლიტრა… დალევს და ცდილობს რაც შეიძლება დიდხანს იყოს ასე მთვრალი და ამ ცხოვრების არარეალისტურად მაყურებელი..
მას ახალი სათვალე აქვს…
ამ სათვალის ფერები სასმელის ხარისხისა და რაოდენობის მიხედვით იცვლება…
იგი ზოგჯერ იმ სათვალეზე ფერადიცაა, რომელიც ბრძოლითმოპოვებული სიყვარულით ტკბობისას ეკეთა…
ეს სათვალეც დროებითია სიცოცხლის დასასრულამდე ან გამყვება ან არა და ის სათვალეც ასე იყოო ამბობს..

მე ლექციაზე დავაგვიანე…
ამ კაცს დავემშვიდობე და წამოვედი ..
მერე იქვე მაღაზიაში ერთი ბოთლი სასმელი ავიღე და ისევ სახლში წამოვედი…
ჩემს ეზოში სავარძელში მოვკალათდი და ბერიკაცის სათვალემორგებულმა ფიქრის მორევში ცურვა დავიწყე…


http://mixeildiakonidze.files.wordpress.com/2011/08/images3.jpeg?w=500

აი ისევ გამაღვიძა… სხეულზე შემეხება თუ არა წამებში ვგრძნობ მის მოსვლას.. სასიამოვნოდ მეხება, მაგრამ ძილის გატეხვა არასდროს მსიამოვნებს.. შენ რა გინდა, როდის უნდა ისწავლო ჭკუა?! გგონია რადგანაც ლამაზი ხარ ყველაფერი გეპატიება?! დიდი ხანია გაიღვიძე ხო თავად?! მერე ჩემს გარდა სათამაშო ვერავინ ნახე?! იცი შენ რამდენი ხანი ვწერდი გუშინ.. ლამის მთელი ღამე გავათენე… სხვათაშორის შენ იყავი ჩემი შთაგონების წყარო.. ხო ხო შენზე ვწერდი… შენ რა გენაღვლება ალბათ მაგ დროს არხეინად გეძინა.. შეიძლება ხვრინავდი კიდეც.. ხო ისე მართლა ხვრინვა იცი?!..
დამადექი ხო ახლა ასე თავჩაღუნული… ეს კარგი იცი ხმას არ იღებ და მეც მერე თანდათან ვერარ გეჩხუბები… ხო კარგი კარგი ნუ იბუტები მიპატიებია… ხო იცი რა გული მაქვს დიდხანს გაბრაზება არ მჩვევია.. კარგი ავდგები გარეთ გამოვალ და მოვავლოთ თვალი ერთად ქვეყანას…
მზე ხმას არ იღებდა, მგონი ძალიან ცუდი ტონით ვესაუბრე.. ალბათ ძალიან ეწყინა, თუმცა შორს არ წასულა და დამალვასაც არ აპირებდა… როგორაც არ უნდა გაბრაზებულიყო ის მაინც მზეა და არ შეიძლება ამ ერთ წყენას თავისი ამდენიწლის ტრადიცია და საყვარელი საქმიანობა შესწიროს… მისი ყოველი ამოსვლა ხომ ჩემი სიცოცხლისადმი სიყვარულს და პატივისცემას დღითიდღე აორმაგებს… მერედა რა თბილია.. რა ნათელია… სახელიც ზედგამოჭრილია ,,მზე“… ხშირად ვუბრაზდები, ხშირად არ მომწონს მისი საქციელი, მოურიდებელი შემოჭრა, ზედმეტი სითბო ან ზოგჯერ მთელი კვირით დაკარგვა, მაგრამ მიუხედავად ამისა მე მის ამოსვლას ყოველთვის ერთნაირი აღტაცებითა და სიხარულით ვხვდები.. იგი ჩემთვის ყოველი სიცოცხლის საწყისი და ცოცხალი დასტურია… ის ჩემი მზეა…
ზოგჯერ დავფიქრებულვარ: ,,რა ვარ მე უმზეოდ“ არაფერი…. არ მიყვარს სიცივე და სიბნელე ამ ყველაფერს მე მზით ვმკურნალობ.. მე მზიანი ღამეც მინახავს.. არ გჯერათ?! ხო თქვენ ვერ გაიგებთ არადა მე მართლა მინახავს და ბევრი მზიანი ღამე მქონია… ჩემი მზე თქვენსას არ ჰგავს.. მას ღამე არ აშინებს და არც თქვენს დოგმად ქცეულ ჩარჩოებს ემორჩილება.. ჩემი მზე ყოვლისშემძლეა და მიტომაც არის ჩემი… მე ეგოისტი ვარ ჩემ მზეს არავის გავუყოფ და არც დაუთმობ მითუმეტეს. ვიცი, რომ ყველა ოცნებობთ ასეთ მზეზე.. ჰოდა ეძებეთ…
ეს ჩემი მზეა … ის მე ვიპოვე..!!!


..აპრილის შუა რიცხვები იყო.. ღიმილიანი მიუყვებოდი ქუჩას და მოპირდაპირე მხარეს იმერულ სახაჭაპურეს მოვკარი თვალი, როგორც ყველა ორიგინალ იმერელს მეც გულმა იქეთ გამიწია (შეიძლება გულზე მეტად ხაჭაპურის სურნელებამ მაცდუნა) და რაღათქმაუნდა როგორც ქართველების ოთხმოცი პროცენტი მოიქცეოდა ამ ვითარებაში,მეც ასე პირდაპირ ვცადე გზის გადაჭრა.. რათქმაუნდა სამართალდამცავთა შიში არ მქონდა რადგან მსგავს შემთხვევაზე არასოდეს დავუჭერივარ. ის ის იყო შუა ზოლს გავუსწორდი, რომ ელვისსისწრაფით მომავალმა X5-მა დიღმის ქარისგან გატაცებული ერთჯერადი პარკივით ამისროლა ჰაერში…უცებ გავოგნდი ,ამ რამოდენიმე წამში სანამ ჰაერში ვიყავი საკმაოდ ბევრი რამის გაფიქრება მოვასწარი: ნეტავ ძირს დაცემა მტკივნეული იქნება?!… იმედია ამ ერთ მანქანას მაკმარებს ბედისწერა და დავარდნისას სხვა ავტომობილებიც არ გადამივლის… რითი დავეცე თავით?! არა ძალიან მეტკინება… ფეხებით?! არა არც ეგ გამოვა ამის წინ ბიჭებმა ფეხბურთი ვითამაშეთ და კოჭი მაქვს გასიებული კიდე ეგ უნდა?! იქნებ საჯდომით.. არც ეგაა კაი ვარიანტი ერთხელ საკლასო ოთახში დაჯდომისას მეგობარმა სკამი გამომიწია და სულ რარაც 70-80 სანტიმეტრიდან დაცემაც კი ძალიან მტკივნეულად აღიქვა ჩემმა უკანა ნაწილმა….ერთი უეჭველია სახით დაბლა არ დავეცემი ატასი ხალხი მიდი მოდის ქუჩაში (მათ შორის ბევრი მანდილოსანია) და ვინმემ პირქვედამხობილი რომ მნახოს რას იტყვიან? უხერხულია… ბოლოს ამდენ ფიქრს თავი დავანებე ბედისწერას მივანდე ჩემი დაცემის ფორმა და ზღართანიც მოვადინე…. ოი.. ოი.. ოი.. რა მტკივნეული იყო.. თავში რაღაც ძვრა ვიგრძენი… ამას აშკარად ვერ გავთვლიდი წინასწარ თუ გზის ნაპირას ასე მწვანე მინდვრის ზოლზე მომიწევდა დაცემა… მანძილის სიშორემ შედეგი გამოიღო და სისხლმაც იჩქეფა, პირთანაც სისხლის გემო ვიგრძენი და რადგანაც თვალთ დამიბნელდა როგორც სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა დავასკვენი რომ ჩემი მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელო გახლდათ. ქუჩას გავხედე ჩემი ამ დღეში ჩამგდები მანქანა ჩემდა გასაკვირად იქვე გაჩერდა და მანქანიდან ახალგაზრდა საკმაოდ კარგი შესახედაობისა და მონაცემების მქონე გოგონა გადმოფრინდა.. (სიტყვა ,,გადმოვიდა“ აქ უადგილო იქნებოდა). მომვარდა ჩემს არც თუ ისე ხორციან ლოყებს თავისი თბილი ხელები იქეთ-აქეთ მოჰკიდა და შეეცადა ჩემი თვალების გამომეტყველებით მიმხვდარიყო ჩემს მდგომარეობას. ცოტა გავწითლდი ისე დაჟინებით მიცქერდა თვალებში, არავარ მიჩვეული პირველივე წამებიდან ასეთ თამამ ყურებას. მერე მეც შევავლე თვალი საკმაოზე ლამაზი აღმოჩნდა, წაბლისფერი თმებითა და მომწვანო თვალებით. მომწიფებული ტანიდან მკერდი ლაგამამოდებული ცხენებივით ფშვინავდა თითქოს აწყვეტას ლამობდა. მე ხმა ვერ ამოვიღე მას თანდათან ფერი დაეკარგა… ტელეფონზე რეკავდა სასოწარკვეთილი ხმით და მალე სასწრაფოს მანქანაც მოვიდა. ექიმი ქალბატონი არ მომეწონა, ჯერე ერთი საკმაოდ ასაკიანი გახლდათ და მერე მეორეც საკმაოდ უხეშად მისინჯავდა სხეულის სხვადასხვა ნაწილს. ერთი ახმახი თეთრხალათიანი მამაკაციც მომიდგა ამ ქალბატონის საპირისპირო მხარეს და გარკვეული მანიპულაციების შემდეგ რეანომობილში აღმოვჩნდი. მერე არაფერი მახსოვს ჩემს ირგვლივ რა ხდებოდა ვერაფერს ვგრძნობდი, არც ის ვიცი ასე რამდენხანს ვიყავი.. ბოლოს თვალები რომ გავახილე და ირგვლივ მიმოვიხედე სხვადასხვა სამედიცინო ტექნიკაში გახვეული და პირში უცნაური შლანგგაჩრილი ვიყავი. ოთახში ვიღაც ოდნავ ასაკოვანი ქალბატონი იჯდა და ცრემლიანი თვალებით მიცქერდა.. აშკარად ვერ ვიცანი და ვერც ვკითხე რადგანაც ზემოთხსენებული პირის ღუში მოთავსებული შლანგი ამის საშუალებას არ მაძლევდა. მივხვდი ჩემი საქმე ცუდად იყო, ადამიანი ხომ ყოველთვის ცუდს ფიქრობს ჰოდა მეც დავასკვაენი, რომ ასე აპარატზე შეერთაებულს რამოდენიმე დღეღა დამრჩენოდა… საწოლის გვერდით აშკარად კათეტერი იდგა და ისე თანმიმდევრულად წვეთავდა რომ ფიქრებში ჩამითრია… ეჰ რა ბიჭი მივდივარ ამ ქვეყნიდან… ჯერ კიდევ ახალგაზრდა სულ რაღაც 25 წლის… ისე ერთი მხრივ კარგია ბევრს დაწყდება გული და ისეთ მდუღარე ცრემლებს გადმოაფრქვევენ, რომ ვინც არ მიცნობდა იფიქრებს მესია დავკარგეთ კაცი კი არაო….ისე რამდენი გეგმა და იდეა მქონდა სამომავლოდ…. ნეტა ახლა აქ მომცა ყველა ვისთანაც გამოთხოვება მინდა და ჩემი ბოლო სიტყვები მოასმენინა მათ…

 

_ პირველ რიგში მშობლებს ვეტყოდი, რომ მე ყველა მათი დამსახურება კარგად მაქვს და ყოველთვის მქონდა გააზრებული უბრალოდ ამას ხმამაღლა არ ვაღიარებდი იმის შიშით რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა არ დამკისრებოდა. ისე უნდა გამოგიტყდეთ თვეში ერთხელ რომ კონფერენციას ვიდებდი პირზე მიზეზად და სამი დღით ვიკარგებოდი ყოველთვის სიმართლეს არ ვამბობდი. ზოგჯერ მეგობრის სახლში ავდიოდით ქალაქგარეთ ძმაკაცები და არც ჩვენი მეგზური მანდილოსნები იყვნენ პროფესორები… მამა შენ უფრო გამიგებ ამას, ბაბუასგან მახსოვს შენი ახალგაზრდობის მსგავსი მაგალითები. დედა შენ რომ ჩემთვის ჩემი ჯგუფელი გოგო მოგწონდა და მე სხვადასხვა მიზეზებით ვიწუნებდი, ყოველთვის გატყობდი რომ გწყინდა, არადა რა მექნა ხომ არ გეტყოდი, რომ ის გოგო ქალიშვილობის ინსტიტუტში არ მიიღეს და ასე ,,არასტუდენტურ“ ცხოვრებას განაგრძობდა ბოლო სამი წელია.

 

_ ძმებო იცით ბევრი რამე მაქვს თქვენთვის სათქმელი მაგრამ დროში ვიწვები და მოკლედ გეტყვით ყოველთვის ვხვდებოდი, რომ ჩემზე გაცილებით კარგები იყავით. ხო იმასაც გეტყვით, რომ თქვენი ფოტოებით ბევრ გოგოსთან გამიბია ბაასი ინტერნეტსივრცეში და საკმაოდ შედეგიანადაც დამისრულებია. უფროსო ძმაო გახსოვს ერთხელ ვიღაც გოგომ ქუჩაში სილა რომ გაგაწნა?! მე შენი დაბნეული და გაოგნებული სახე არასდროს ამომივა თვალებიდან არადა ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ ცოტა ზედმეტი მომივიდა მასთან შენი სახელით საუბრისას. იმედია მაპატიებ ახლა მე ყველაფერი მეპატიება…

 

_ ბევრ ჩემ მეგობარს, რომელიც ჩემ ქუთაისურ მოხერხებას აფერისტობად ნათლავდა ვეტყოდი, რომ ძალიან ცდებოდნენ. მე თქვენს გულისტკენას ვერიდებოდი… მაგალითად: ნინო ყოველთვის მშვენიერს გეძახდი არადა ფაქტია შენი ცხვირი სილამაზის არცერთ ჩარჩოში არ ჯდება.  დავით მე არასოდეს მითქვამს შენთვის, რომ სირცხვილია 23 წლის ბიჭი ამხელა ღიპით დადიოდეს და ბევრ საშობაოდ გამზადებულ ღორს არ ჩამოუვარდებოდეს ტანით, ყოველთვის მოფერებით ,,ბუთხუზას“ გეძახდი. არც ეკასთვის მითქვამს, რომ მისი ინტელექტუალური შესაძლებლობა არათუ 22 წლის გოგოსთვის არამედ 16 წლის მოზარდისთვისაც უხერხული სატარებელი იქნებოდა და ყოველთვის ვცდილობდი უხერხულ სიტუაციაში თუნდაც არასასაცილო ხუმრობა მეთქვა. არც ნინისთვის მითქვამს, რომ ფულის გამო 25 წლით უფროს ადამიანს რომ გაყვა ეს ძალიან დიდი სისულელე და მარაზმია და ვეუბნებოდი, რომ დრო შეგაჩვევს და გაუგებთ ერთმანეთს შეგიყვარდებათ ერთმანეთი-თქო. რომელი ერთი ჩამოვთვალო… მოკლედ ზოგჯერ სიმართლის თქმა ცივ და ბოროტ ადამიანად მოგნათვლის წინაპირობაა და უტაქტობაცაა ნაწილობრივ ასე რომ იმედია გაითვალისწინებთ…

 

_ მაკას ვეტყოდი, რომ შენი ალერსისას ნათქვამი სიტყვები ,,შენ ჩემი პირველი მამაკაცი ხარო“ ჩანასახშივე განწირული იყო გაშიფვრისათვის, რადგანაც მე რომ შენში მოვედი კარი უკვე ღია იყო…. ძალიან მწყინდა რომ ასეთი შთაბეჭდილება გქონდა ჩემზე რომ მაგას ვჭამდი… ვერც გეუბნებოდი სათქმელს არადა ყელში მქონდა მობჯენილი ათასი შემამკობელი სიტყვა! _ გვანცას ვეტყოდი, რომ შენ იმდენად შეეჩვიე სიცრუეს ურთიერთობაში და სხვადასხვა ფაქტის გადასხვაფერებას, რომ შენი რეალური და მოგონილი სამყარო შენთვისვეა ძნელი გასარჩევი ერთმანეთისაგან. არ გეგონოს, რომ მე შენი სიტყვების მჯეროდა, უბრალოდ იყო საქმე რაც კარგად გამოგდიოდა შეიძლება ითქვას ,,ოსტატის“ ხარისხიც კი გქონდა და მაგის გამო სხვა შენს აბსურდულ საქციელს თვალს ვარიდებდი.

 

_ ეჰ.. თიკო, თიკო! როგორ ვერ მოვასწარი შენთვის მეთქვა თუ რაოდენ გასაოცარ გრძნობას მფენდა შენი დანახვა… მაპატიე, რომ მცოდნოდა დღეს ვკვდებოდი არც იმ ხაჭაპურის გამო გადავიდოდი გზაზე და პირდაპირ შენთან მოვიდოდი ამის სათქმელად.

 

_ სულ მავიწყდებოდა მობოდიშება იმ რამოდენიმე ჩემზე შეყვარებულ გოგონაზე, რომელზეც მიხუმრია რომ თვალების პრობლემებს უჩიოდნენ. გმადლობთ, რომ ჩემშიც ნახეთ რაღაც მოსაწონი და შესაყვარებელი…. ყოველთვის დიდ პატივს გცემდით მაგრამ არ ვიცი ამის გამოხატვა რამდენად გამომდიოდა…

 

_ ჩემ მეზობელ გივი ძიასთანაც ბოდიში მაქვს მოსახდელი… ბატონო გია თქვენი ,,ქალიშვილი“ ის ერთი წელი მუსიკაზე ნამდვილად არ დადიოდა, რადგანაც არასოდეს სიახლოვესაც კი არ ვყოფილვარ მუსიკასთან და მასწავლებლობას ვერ დავიბრალებ. ვახ ღმერთო ჩემო რამდენი, რამ დამიგროვებია სათქმელი… სად ვიყავი აქამდე?! მაინცდამაინც მანქანამ უნდა დამარტყას, რომ ყველა ცოდვა გამახსენდეს?! მკითხეთ ერთი ხო მკითხეთ! ხო მართლა ცოდვაზე გამახსენდა, მოძღვარი… მასაც ბევრი რამ აქვს მოსასმენი… ნეტა აქ იყოს…

 

_ მამაო, სიახლე არ იქნება თქვენთვის თუ გეტყვით, რომ ცოდვების მორევში არათუ ყელამდე არამდე ბოლომდე ვარ ისევ ჩაფლული… ზოგიერთ ცოდვას ისე შევეჩვიე რომ აღსარებისას თქმა მავიწყდებოდა, რადგანაც შევისისხლხორცე და ცოდვად აღარ აღვიქვამდი… ერთიცაა მამაო თქვენ რომ გეგონათ ცოდვებს გიმალავდით და მერიდებოდა, არა ნამდვილად არა ღმერთია მოწმე. ბევრი ცოდვა არ მითქვამს მაგრამ არა იმიტომ რომ გიმალავდით, არამედ იმიტომ რომ არ ან ვერ ვნანობდი და თქმის აზრსაც ვერ ვხედავდი… არც მე გახლდით მეზღაპრე და არც თქვენ იყავით ბავშვი, რომ ჩემი შეუგნებელი და სინანულის გარეშე ნათქვამი ათასგვარი ცოდვებით გამებრუებინეთ… ფაქტი ერთია მე უფლის ერთი უღირსთა შორის უღირსი შვილი ვარ, რომელის იმედსაც ისღა ასაზრდოებს, რომ მას უფალი მთელი გულით უყვარს! მე ის ბავშვი ვარ, რომელიცდედას სისხლს უშრობს თავისი ცელქი საქციელებით მაგრამ მის კალთასაა მიჯაჭვული და მასავით არავინ უყვარს…. ესაა ჩემი ბოლო სათქმელიც და ჩემი აღსარებაც….

 

_ სამშობლოსაც მოვუბოდიშებდი, რომ მისთვის ვერაფერი გავაკეთე 25 წლის მანძილზე სასარგებლო… თუმცა იდეები და გეგმები მქონდა, რომ გენახა ჩემო ქვეყანავ ადამიანივით აღფრთოვანდებოდი… ისე მე სუფრისგარეთ პატრიოტიც ვყოფილვარ თუ ეს ცოტა პირს მომწმენდს შეს წინაშე… დაულევლად მიფიქრია და მისაუბრია შენს მომავალზე ხმამაღლა და ნაბიჯისმაგვარიც გადამიდგამს თუმცა აღსაწერად არც ღირს…

 

_ ისე ღმერთო ვინ ვინ და შენ ყველაზე კარგად უწყი ჩემი გულის ამბავი, ამდენს რომ ვიღიმი და ხალხს ხალისით ვხვდები ნუთუ ვერავინ ხედავს ჩემს ნამდვილ სახეს?! განა მართლა ასეთი ბრმაა ხალხი რომ თუ დარდს, ყვირილითა და ცრემლით არ გამოვხატავ უდარდელი ვგონივარ?! განა არ იციან, რომ მეც მწყინს, მეც მტკივა, მეც განვიცდი და ზოგჯერ იმაზე მეტადაც ვიდრე ისინი ერთად აღებული… ხო ასეა ან ეს ხალხია ბრმა ან კიდე მე მოვირგე იმდენად მჭიდროდ ეს ნიღაბი, რომ არათუ ადამიანს არამედ მზის სხივსაც კი უჭირს მის შიგნით შეღწევა… ფიქრმაც დამღალა ბოლოს ერთი ამოვისუნთქე და იმის შიშით რომ ძალიან ცოტა დრო მრჩებოდა ფიქრი განვაგრძე… ეჰ ბავშვზე მწყდება გული რა… ვიცი ერთ კაი ბიჭს შევმატებდი ქვეყანას… ერთხელ დილით, რომ ავდექი , ჩაცმულ-დახურულმა სარკეში ჩავიხედე და იდეაში ჩემს გვერდით საკუთარი მეუღლე წარმოვიდგინე, შევუტრიალდი თვალებში ჩავხედე და ვუთხარი: ,,ზოგს რა ბედი აქვს რა ბიჭი ჩამიგდე ხელში მეთქი“, არადა გოგო ჯობდა აშკარად…. ისე რა დროს ხუმრობაა ასე ახალგაზრდა ქორფა ბიჭი ვტოვებ ქვეყანას, ის მაინც მეთქვა ჩემი ძმისთვის რომ თიბისის კარტაზე 148 ლარი მიდევს, ოჯახი ხრამია გამოადგებოდა..ან კიდე ტაოპრივატბანკში არ შემეტანა გუშინ ის 750 ლარი, რას იზამდნენ მაქსიმუმ გამაშავებდნენ და არამგონია ეგ ბანკი სიკვდილზე უარესად აშავებდეს… მაინც რა არის ადამიანი, ვწუწუნებ, ვწუწუნებ… მე X5-მა მაინც დამარტყა და ის მკლავს და რამდენი ადამიანი მოუკლია ოპელს, ჟიგულს, 07-ს ან კიდე მატარებელს. იმათთან შედარებით ხომ სიკვდილშიც გამიმართლა! ჰოდა რა მაქვს საწუწუნო?!არც არაფერი…

 

სიკვდილის წინ ყველაფერი სხვანაირია, ახლა უფრო მეტად მძაგს ფარისევლები, სიცრუით მაცხოვრებელი ქალები, გამორჩენაზე მყოფი ბიჭები, შურით დაბოღმილი ადამიანები, ჩაცმულობით ადამიანებზე წარმოდგენის შემქმნელი პიროვნებები, ძალით მეგობრები და დაქალები, ადამიანის ცხოვრებით მოთამაშე ბიძები და სხვა ათასი საშინელი წვრილმანებით შემოსილი საზოგადოება…. ამ ფიქრებში გართული ვიყავი რომ რაღაც ლანდს მოვკარი თვალი, სხვა ვინ უნდა ყოფილიყო თუ არა სიკვდილის ანგელოზი… ის ის იყო სიკვდილთან მიგებებას ვაპირებდი, რომ… ვაი ჩემი სიკვდილი! რატომ მართლა თავი არ მომიკვდება! ჩემთან ის გოგონა მოვიდა ვინც ამ დღეში ჩამაგდო.. უფრო გალამაზებულა…. კიდევ კარგი ჩემი ფიქრები არ გაუგია სიკვდილად რომ ჩავთვალე..პრინციპში ისიც ანგელოზია… მოვიდა ჩამოჯდა ჩემი ხელი ხელში ჩაიდო და ოდნავ ღიმილმორეული სახით მითხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება… ჯერ ცოტა გამიკვირდა და მერე როცა სხვა ოთახში მყოფთა იმედიანი სახეებიც ვიხილე მივხვდი რომ ამდენი ზემოთ სულ ტყუილად მიფიქარია… თურმე ჯერ კიდევ არ ვკვდები და ეს ცრუ განგაშია… კიდევ კარგი ის მხოლოდ ვიფიქრე და ხმამაღლა არ ვთქვი თორე მერე ვინღა ჩამთვლიდა უდარდელ სულ მომღიმარ ახალგაზრდად ვისაც ყვავზე მეტი ხნით სიცოცხლეს უწინასწარმეტყველებდა ყველა.. ის ის იყო პირიდან შლანგი ამომაცალეს და ამოვისუნთქე თუ არა ამ გოგონას დანაშაულიანმა თვალებმა და წყლიანმა ბაგეებმა ერთობლივად მომმართეს:

 

_ მთხოვე რაც გინდა და ყველაფერს ვიზამ რადგანაც შენ ცოცხალი გადარჩი და კაცის ცოდვა კისერზე არ დამაწვა…

 

_ სახელი?

 

_ სახელი? რა სახელი?

 

გაოგნებული შემომცქეროდა გოგონა.. _

 

ხო სახელი შენი სახელი! რა გქვია?! ვუთხარი ოდნავ ღიმილით..

 

_ მე მარი.. ხო მარი მქვია..

 

_ კარგი სახელია მარი… თუ ყველაფრის შესრულება შეგიძლია ძალიან გთხოვ იქ სადაც ავტომობილით დამეჯახე კარგი სახაჭაპურეა და თუ არ დამზარდები ერთი იმერული ხაჭაპური მომიტანე შენს გახარებას…..


ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!

ქრისტე აღდგა!

გუგუნებენ ეკლესიათა ზარები და მსოფლიოს ამცნობენ, რომ დადგა დღე დღესასწაულთა დღესასწაულისა.

`დაემხო ძალი, პირველ სისხლითა მთრვალი~, შეიმუსრა ჯოჯოხეთი, განქარდა ბნელეთის ძლიერება და კაცობრიობა გათავისუფლდა ეშმაკის ტყვეობისაგან. `სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი? სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი?!~

ქრისტე აღდგა!

ეს საოცარი სიტყვები ანგელოზის მიერ პირველად მენელსაცხებლე დედებს ეხარათ, დედებმა მსწრაფლ აუწყეს მოციქულებს, მოციქულებმა – თავიანთ სამწყსოებს და, აი, უკვე მრავალი საუკუნეა, მილიონობით ადამიანი ხმობს: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

მაინც რას ნიშნავს უდიდესი საიდუმლოებით მოცული ეს სასწაული, ანუ რა არის მიზეზი ჩვენი ასეთი ბედნიერებისა?

სამყაროს აქვს მხოლოდ ერთი საწყისი – ყოვლადძლიერი, ყოვლადკეთილი, ყოვლადბრძენი, ყოვლისშემომქმედი ღმერთი – ყოვლადწმიდა სამება, რომელიც ყველგან არის და ყოველივეს აღავსებს მადლითა თვისითა. იგი თავისი მარადიული ნეტარების წიაღისაკენ იზიდავს მთელ სამყაროს და ყოველივე ქმნულს, რომელიც, თავის მხრივ, მიისწრაფვის მისკენ და ადიდებს მას.

ფსალმუნში ვკითხულობთ `აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა; აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი; აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ვარსკულავნი და ნათელნი; აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი… აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი; ცეცხლი, სეტყუაი, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისაი, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა; მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი; მხეცნი და ყოველნი პირუტყვნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი~(ფს. 148, 1-4,7-11).

ამ ღავთაებრივ ჰარმონიას ურჩობისა და ამპარტავნების გამო თავისი ნებით განეშორა პირველქმნილი ადამიანი; თუმცა შემოქმედს მასზე ზრუნვა არ მიუტოვებია. ეს მდგომარეობა ბასილი დიდმა ასე გამოხატა: `შენ მარადის მწყალობ და მე განგარისხებ, შენ სინანულად მომიწოდებ და მე ურჩ გექმნები, შენ მხადი და მე გელტვი, ესრეთ ყოვლითურთ წინააღმდგომ შენდა არს ცხოვრებაი ჩემი~.

და აი, თითქმის 2000 წლის წინ მოხდა ის, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა: ყოვლადდაუტევნელმა განკაცება ინება და კაცობრივი ბუნებით სიკვდილს დაექვემდებარა, ჯოჯოხეთში შთავიდა, რათა მართალთა სულნი ეხსნა და კაცობრიობისათვის დახშული ზეციური კარიბჭენი აღეხვნა. რა შეედრება იმ განძს, რაც მან ამ წუთისოფელში დროებით მყოფ თითოეულ ჩვენგანს გვიბოძა?! როგორ გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება ამ გამაოგნებელი თავგანწირვის, სიყვარულისა და მოწყალებისადმი?!

უფალი ჩვენგან არაფერს ითხოვს, ოღონდ ჩვენივე გადარჩენისთვის გვთავაზობს, ჩავჭიდოთ ხელი მის მხსნელ მარჯვენას და ჩვენი გული და სული მისკენ მივმართოთ, რათა ღვთის მადლით ცოდვის ჭაობს განვეშოროთ და შიგ არ დავინთქათ. ამ სასწაულთა სასწაულს ვზეიმობთ ახლა. ამიტომაც სიხარულითაა მოცული დედამიწა; ჩვენს გამო ხარობს ყოვლადწმიდა სამება და ანგელოზთა დასი, რადგან ხორციელი სიკვდილი აღარ არის მხოლოდ ჯოჯოხეთის კარიბჭე, არამედ იგი მორწმუნეთათვის წარუვალ ნეტარებაში აღმყვანებელ საშუალებად იქცა. ამიერიდან ესა თუ ის პიროვნება ან ეშმაკის და მისი ანგელოზების ხვედრი შეიქმნება და მარადიული ტანჯვისათვის გაიწირება, როგორც ეს ადრეც იყო, ანდა უფლისა და ანგელოზთა წიაღში დამკვიდრდება. სხვა არჩევანი არ არსებობს.

ბუნებრივია, ყველას სამოთხეში დამკვიდრება სურს, მაგრამ ეს უშრომლად არ მიიღწევა; მთავარია, ჩვენი ცხოვრების მიზნად სხვისთვის მსახურება დავისახოთ, რომ ქრისტეს მიმბაძველნი გავხდეთ.

პაისი ათონელი წერს: `თუ ადამიანი არ ფიქრობს მეორე ადამიანზე, არ გამოდის თავისი `მე~-დან და გამუდმებით თავისი თავის გარშემო ტრიალებს,… ის იმ ღერძს მიღმაა, რომელიც ქრისტეა~.

წმიდა მამები იმასაც გვასწავლიან, რომ აბსოლუტურად ბოროტი და ცოდვილი კაცი არ არსებობს და რომ ყველაზე უარეს მათგანშიც კი არის რაღაც ნაწილი სიკეთისა. მაგ., თუ მას გულწრფელად უყვარს შვილები, მშობლები ან ოჯახის სხვა წევრები, უყვარს თუნდაც ცხოველები ან ბუნება, ე.ი. მასში არის ის ღვთაებრივი ნაპერწკალი, რომელიც ათბობს და ანათებს მის დაბნელებულ სულს; ყველას ვალია, ეს ნაპერწკალი საკუთარ თავში გააღვივოს და ღვთაებრივ ცეცხლად აქციოს.

საერთოდ, ქრისტიანის ცხოვრება საკუთარ თავთან ბრძოლაა, გულის სიწმინდისათვის ზრუნვაა; ეს არის სინანული და მცდელობა იმისა, რომ ღმერთი მოვიძიოთ და ჩვენს გულებში გავამეფოთ. გული არის სულის სავანე, სული კი _ ერთგვარი ჭურჭელი, რომელშიც ღვთის მადლი იღვრება. მადლის სიდიდე ჩვენს პიროვნულ ღვაწლზე და ძალისხმევაზეა დამოკიდებული. ბოროტისაგან ჩვენი გულისა და სულის მთავარი დამცველი ჩვენი სინდისია. სინდისი არის ღვთის ხმა და იგი ყოველთვის გვიბიძგებს სწორი ქმედებებისაკენ. მთავარია, ყური დავუგდოთ მას. მაგრამ ადამიანთა ნაწილი სწორედაც რომ საპირისპიროდ იქცევა, _ ცდილობს ჩაახშოს იგი; სხვის დასანახად ვითომ ემსახურება უფალს, გული კი განშორებული აქვს ღვთისაგან. მაცხოვარი ბრძანებს: `არა ყოველმან, რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო! შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისა. მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაისწარმეტყველებდითა?…. და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმენით? მას ჟამსა ვრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნით თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი (მათე 7,20-23). ღმერთმა გვიხსნას ამ მდგომარეობისაგან.

და მაინც როგორ მივხვდეთ, ჩვენს გულში ვის უდგას ტახტი? ამის პასუხს სახარება იძლევა: გულში, სადაც ცოდვა და ეგოიზმი ბატონობს, ბობოქრობს ღვარძლი, ავსიტყვაობა, შური, შუღლი, ამპარტავნება და სხვა ვნებანი, იქ უფლის მადლი არ მკვიდრობს. მაგრამ არის გული სიყვარულითა და სიკეთით სავსე, მიმტევებელი, სამართლიანი, მოწყალების გამცემი, სხვაზე მზრუნველი…~.

ასე რომ, ძნელი არ არის გავერკვეთ, ვისი მსახურნი ვართ და, ვიდრე ჯერ კიდევ დრო გვაქვს, გადავდგათ გადამრჩენელი ნაბიჯები. საერთოდ, უფალი ადამიანებს სხვადასხვა ნიჭს და, აქედან გამომდინარე, სხვადასხვაგვარ პასუხისმგებლობებს აკისრებს. ზოგს ერთ ტალანტს აძლევს, ზოგს _ ორს, ზოგს _ ხუთს ან ათს; პასუხისმგებლობაც შესაბამისია: ვისაც ერთი ტალანტი ებოძა, მას ათი ტალანტისა არ მოეთხოვება; მსუბუქია მისი ჯვარი და უფლის წინაშე მისი ვალდებულებაც, ხოლო ვისაც მეტი მიეცა, მას მეტიც მოეთხოვება. მაგალითად, ზოგიერთს მხოლოდ ოჯახზე ზრუნვა მართებს, ესაა მისი პასუხისმგებლობა, ნაწილს, _ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის, სოფლის ან ქალაქის ხელმძღვანელობა; სხვებს კი მთელი ქვეყნის ტვირთი აწევთ და ამ დონის მსახურება ევალებათ.

იერარქიის არსი ქრისტიანობაში, სხვებთან შედარებით, აბსოლუტურად განსხვავებულია და იგი ქვემდგომებისადმი უანგარო სიყვარულსა და მათთვის ზრუნვას გულისხმობს.

უფალი ბრძანებს: ვინც თქვენს შორის მოისურვებს უფროსობას, ის იქნება თქვენი მსახური, ხოლო ვინც მოინდომებს პირველობას, _ ყველას მონა~; და ამის უდიდესი და უთვალსაჩინოესი მაგალითი, პირველ რიგში, თვითონ მოგვცა. ასეთი დამოკიდებულება მოეთხოვება ყველას, ვინც თავს ქრისტიანად მიიჩნევს. მსოფლიოში დღეს საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების და დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი პიროვნებათა თანასწორობისა და ღირსების დაცვისა სწორედ ქრისტიანულ სწავლებას ეყრდნობა, მაგრამ ზოგიერთთათვის ეს ცნებები უკვე განსხვავებულ შინაარსს ატარებს.

რა თქმა უნდა, არსებობს არაქრისტიანული იერარქიული ურთიერთობაც, რასაც წმიდა მაქსიმე აღმსარებელი ტირანიას უწოდებს და რაც ზემდგომთა ბატონობასა და ძალადობაზე და ქვეშევრდომთა მონურ ყოფაზეა დამყარებული. ჩვენ გარშემო, სამწუხაროდ, ურთიერთმიმართების არაქრისტიანული წესი სჭარბობს.

მაგალითად, ავიღოთ ქრისტიანული ოჯახი; ეს არის მცირე ეკლესია, რომელიც დაფუძნებული უნდა იყოს, პირველ რიგში, ღვთისადმი და შემდეგ ერთმანეთისადმი გამოვლენილ ჭეშმარიტ სიყვარულსა და პატივისცემაზე, ხოლო, თუ მათ ეს საფუძველი გამოეცალათ, თავს იჩენს ტირანია, რაც ხშირი კონფლიქტის საფუძველი ხდება. ნაცვლად იმისა, რომ თანამედროვე საზოგადოებას ეზრუნა ოჯახში ქრისტიანული ღირებულების დასამკვიდრებლად, დაიწყეს უკვე დანგრეული ურთიერთობების ხელოვნურად მოგვარება, რაც შედეგს ვერ გამოიღებს და ცოლის და ქმრის ურთიერთობას კიდევ უფრო არასწორი გზით წარმართავს.

ოჯახის სიმტკიცისთვის ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს თუნდაც ელემენტარული სოციალური პირობებისა და ზნეობრივი გარემოს შექმნას. პირველ ფაქტორს ძირითადად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა განსაზღვრავს. ვფიქრობთ, სახელმწიფოსთვისაც და ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვისაც სასარგებლო იქნება სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ზრუნვა. მე ადრეც მითქვამს და კვლავაც გავიმეორებ, ყოვლადაუცილებელია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება, ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნება და, რა თქმა უნდა, მიწისადმი ხალხისათვის ინტერესის დაბრუნება. კარგი იქნება, თუ ამ პროცესს მთავრობა მხარს დაუჭერს და დოტაციური და მრავალწლიანი შეღავათიანი კრედიტებით გაამაგრებს, რაც დასავლეთის ქვეყნებში (მიუხედავად განვითარებისა) დღესაც ხორციელდება. რაც შეეხება ზნეობრივ გარემოს, ეს ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე, მის ორიენტაციაზეა დამოკიდებული.

სავსებით ნათელია, რომ ძალადობრივი, ნიჰილისტური და უხამსი ფილმებითა და გადაცემებით აღზრდილი თაობა ჯანსაღ ატმოსფეროს ვერ შექმნის და ოჯახსაც მნიშვნელოვნად დააზიანებს. არადა, როგორი მონდომებაა, რომ უძლიერესი ფსიქოლოგიური საშუალებით _ მასმედიით ბოროტება და ცოდვითი ცხოვრება აღზევდეს, ვულგარიზებული, ტექნოლოგიური საზოგადოება ჩამოყალიბდეს და მის ბატონ-პატრონად ფული იქცეს, რომ ადამიანებმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა, სწორი ორიენტირები დაკარგონ და ქრისტეს მცნებები წარსულის გადმონაშთად მიიჩნიონ. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე მოქმედებს ხალხზე, დღეს უკვე ადამიანებს გაცილებით უადვილდებათ ოჯახის დანგრევა, თავისუფალი ურთიერთობების დამყარება, მამათმავლობის ჩვეულებრივ მდგომარეობად წარმოჩენა, ოჯახური ანომალიების გახმაურება… არავინ ასწავლის თუნდაც იმას, რომ აბორტის გაკეთება და საკუთარი შვილის სიცოცხლის ხელყოფა ან ე.წ. `სუროგატი დედების~ ინსტიტუტის შექმნა~ უმძიმესი დანაშაულია, რომლის გამოსყიდვა ადვილი არ არის.

ძალიან სამწუხაროა, რომ ხდება ეგოისტური აზროვნების წახალისება. ასეთი ადამიანები მოყვასს მოიაზრებენ მხოლოდ თავისი მიზნების განხორციელების საშუალებად, რაც მადლიერების გრძნობასაც გამორიცხავს და, ამასთან, აყალიბებს ისეთ დამოკიდებულებას, როცა სხვისი გამეტება და სიცოცხლის ხელყოფა ეადვილებათ. თუმცა ცოდვითი ცხოვრების მიმდევართა და პროპაგანდისტთა შორისაც ვხედავ ბევრს ისეთს, რომელნიც, უფლის წყალობით, შეცვლიან თავის ცხოვრების წესს და ჭეშმარიტი სიკეთის მთესველნი გახდებიან. ასეთი ზეწოლის მიუხედავად, ჩვენი საზოგადოებისა და ახალგაზრდების დიდი ნაწილი, მათ სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ მაინც ინარჩუნებს ტრადიციულ ღირებულებებს და ქართული იდეის მატარებელნი არიან. საერთოდ, ყველა ერს თავისი იდეა აქვს.

რა არის ჩვენი იდეა და რაში ვლინდება იგი?

ეს შეიძლება გამოვთქვათ ერთი ყოვლისმომცველი სიტყვით _ ჭეშმარიტების მსახურება, რაც, პირველ რიგში, გამოიხატა უფლისადმი ჩვენს უდიდეს სიყვარულში, მისდამი ერთგულებასა და თავგანწირვაში.

დიახ, უზენაესი ჭეშმარიტებისადმი თავდადება არის ქართული იდეა, ამიტომაც გვიანდერძა წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალმა: `ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსა!~ და მართლაც, ჩვენი ერი ჯვარს ეცვა ჯვარცმული ღვთისთვის. პეტრიწონის (ბულგარეთი) ქართული მონასტრის წარწერაც ამაზე მიგვანიშნებს: `ქართველნი ვართ ნათესავნი მხნენი და მარადის ჭირვეულსა ცხოვრებასა ჩვეულნი~.

ქართული იდეის განვრცობის არეალი გიორგი მერჩულემ ასე განსაზღვრა: ქართლად ფრიადი ქუეყანა აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღესრულების~, ხოლო, ენასა ამას შინა `ყოველი საიდუმლო დამარხულ არს~ (იოანე-ზოსიმე). აქ, არ იგულისხმება ენა, როგორც მხოლოდ მეტყველების საშუალება, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ერის მსოფლმხედველობის გამოვლინება, რომელიც თავისი მრავალფეროვნების მიუხედავად, არის ერთი და ერთიანი. ქართველისათვის პატრიოტიზმიც ღვთისმსახურებაა. იგი სამშობლოს პატრონობს და საკუთარი სისხლის ფასად იცავს, რადგან ამაში ხედავს ღვთის მიერ დაკისრებულ პასუხისმგებლობას. მას სხვისი არაფერი უნდა, მაგრამ დროებით დაკარგულ თავის ტერიტორიებსა და ხალხს კი ყოველთვის თავისად მიიჩნევს. ჩვენი სულისკვეთება კარგად ჩანს ამ სიტყვებში: `სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება~. დიახ, ქართული იდეისთვის უცხოა ექსპანსია და აგრესია. ამიტომაცაა მთელი ჩვენი ისტორია უანგარობის, გულწრფელობის, ვაჟკაცობისა და ზნეობრიობის გამოხატულება.

ქართულ იდეაში ასევე სრული სისავსით არის განხორციელებული ქრისტიანული მცნება მოყვასის სიყვარულისა. ჩვენ სისხლში გვაქვს გამჯდარი ეს დამოკიდებულება: `ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული _ გზად და ხიდად~ (რუსთაველი), რაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჭეშმარიტებისა და სიკეთის მსახურებას გულისხმობს. ბოროტ საქმეში მეგობრობა და ერთგულება კი ეშმაკთან თანაზიარებაა. ქართულმა იდეამ საუკუნეთა მანძილზე ჩამოაყალიბა ჩვენი ხასიათი, ჩვენი კულტურა და ყოფა.

ქართული იდეა არის იმ ჭეშმარიტი ღვთისმსახურების გაგრძელება, რომელიც უფალმა დაუდგინა ადამს, ნოეს, აბრაამს, მოსეს… ოღონდ ეს არის ახალ ისრაელად სახელდებული ერის მსახურება (ცხოვრების წესი) ზეციური იერუსალიმის დასაკვიდრებლად. ასეთია ჩვენი წინაპრების მიერ არჩეული გზა; გზა ძნელი, მაგრამ საამაყო, ვიწრო, მაგრამ გადამრჩენელი, დროებითი ტკივილით დამძიმებული, მაგრამ ქრისტესმიერი მარადიული სიხარულით სავსე. სწორედ ამ სულისკვეთების მქონე პიროვნებები ქმნიან ღვთისმშობლის წილხვედრ ქართველ ერს, ხოლო ის ქართველები, რომლნიც ასეთი წესით არ ცხოვრობდნენ და არ ცხოვრობენ, თავისთავად განეშორებიან ან უპირისპირდებიან მის წიაღს და ქართული იდეის ნაწილად ვერ მიიჩნევიან. ისინი არიან ვაზის ნასხლავნი, რომელთა შორის სიცოცხლე არ არის. ხაზგასმით უნდა ითქვას ისიც, რომ ქართული იდეისათვის მარტო გენეტიკურ ნიშანს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. გავიხსენოთ მეფე ლუარსაბ დიდის ერთ-ერთი შვილი დავითი და მეფე თეიმურაზ I. ეგოისტური და ანგარებიანი ინტერესებიდან გამომდინარე, დავითი ღვიძლ ძმასაც დაუპირისპირდა და საქართველოსაც, სარწმუნოებაც შეიცვალა და დაუდ-ხანად ქცეული მტრის ინტერესების დამცველი და მათი იდეის განმხორციელებელი გახდა. მაშინ, როდესაც თეიმურაზ I რწმენისა და მამულის დაცვას დედაც და შვილებიც შესწირა და თავისი ცხოვრებაც მუდმივ ბრძოლასა და ტანჯვა-წამებაში გაატარა, ბოლოს კი ბერობაში აღესრულა; მისი ცხოვრება ხალხისთვის მისაბაძ მაგალითად იქცა.

ასე რომ, ქართული სამყარო, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ერის წიაღი, მხოლოდ გენეტიკური ნიშნით არ შემოიფარგლება. სწორედ ეს აზრია ჩადებული ფარისევლებისადმი თქმულ მაცხოვრის ამ სიტყვებში: `უწყი, რამეთუ ნათესავნი აბრაჰამისნი ხართ…, სიტყუაი ჩემი ვერ დაეტევის თქუენ შორის…, უკეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთაცა აბრაჰამისთა იქმოდეთ…, თქვენ მამისა ეშმაკისანი ხართ და გულისთქმათა მამისა თქუენისათა გნებავს ყოფად; რომელი ღმრთისაგან არს, სიტყუათა ღმრთისათა ისმენს. ამისთვის არა ისმენთ თქუენ, რამეთუ არა ხართ ღმრთისაგან~ (იოანე 8, 37,39,44,47). აღვნიშნავთ იმასაც, რომ ქართული იდეის შემოქმედნი იყვნენ არაქართველნიც. მაგალითად, სპარსი რაჟდენ პირველმოწამე და ევსტათი მცხეთელი, ტომით სომეხი დიდებულის ასული შუშანიკ დედოფალი, არაბი აბო, ასურელი წმიდა მამები და სხვანი.

სწორედ ქართული იდეიდან მომდინარეობს ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტობაც, რაც იყო საფუძველი აქ მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მხრიდან ჩვენი ჭირ-ვარამის გაზიარებისა და საქართველოსთვის მსახურებისა. საუკუნეთა განმავლობაში სხვებთან ერთად, ქართული იდეის და ქართული სახელმწიფოს თანაშემოქმედნი იყვნენ აფხაზები. ქართული სამყაროს შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი ყოველთვის იყო აფხაზეთი. ამაზე მეტყველებს აქ არსებული უძველესი ქრისტიანული ტაძრები და წარწერები, ქართველ მეფეთა ტიტულატურა. ამაზე მეტყველებს აფხაზეთში, ბედიის მონასტერში დაკრძალული ერთიანი საქართველოს პირველი მონარქის, _ ბაგრატ III-ის საფლავი. ამაზე მეტყველებს ჩვენს შორის არსებული სისხლისმიერი ნათესაობა და ნათელ-მირონობა…

ჩვენ ერთი ღმერთის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის და საერთო წმინდანების მიმართ ვლოცულობთ. მათი შეწევნით, ვიმედოვნებთ, მტერი ვერ გაგვთიშავს. აფხაზეთის მიტროპოლიტად კათოლიკოს-პატრიარქის დადგინებაც ჩვენი გაყოფის მოსურნეთა საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯი იყო. მე განსაკუთრებით ვლოცულობ თქვენთვის და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულსაც განსაკუთრებით ვულოცავ ჩემს უშუალო სამწყსოს _ ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას, საქართველოს ყველა კუთხის შვილს, ვულოცავ ჩვენს მართლმადიდებელ სამწყსოს: ოსებს, ბერძნებს, ასირიელებს, აფხაზებს, რუსებს, სომხებს, იეზიდებს, აზერბაიჯანელებს, მცირერიცხოვან, მაგრამ უძველესი ისტორიის მქონე უდებს… უცხოეთში დროებით მყოფ თანამემამულეთ, აგრეთვე ტაო-კლარჯეთის, ლაზეთის, ფერეიდანის, მაზანდარანის, ჰერეთის მკვიდრთ და უფალს თქვენთან ერთად შევღაღადებ: `აღდგომასა შენსა ქრისტე მაცხოვარ, ანგელოზნი უგალობენ ცათა შინა და ჩუენცა ღირს მყვენ ქუეყანასა ზედა წმიდით გულით დიდებად შენდა!~

ქრისტე აღდგა!

ჭეშმარიტად აღდგა!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

აღდგომა ქრისტესი

თბილისი, 2011 წელი

Follow

Get every new post delivered to your Inbox.